вторник, 12 мая 2009 г.

თეონა გორგიშელი

რას ნიშნავს სიტყვა ომი?ეს ჩვენ, ბავშვებმა არ ვიცოდით და არც უნდა გვენახა.
ომი შემზარავი, შემაშფოთებელი, საშიში და დაუნდობელი ყოფილა.
ჩვენ ბავშვებს უღრუბლო ზეცა უნდა გვქონოდა, არ უნდა გვენახა, რა იყო შიში.
ომის დროს ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს, შემდეგ კი გახსენდება ახლობლები
და ყველაფერს მძიმედ განიცდი. ძალიან ვდარდობდი და ვფიქრობდი, ნეტა როდის
გადაივლიდა ომის შავი ღრუბელი და ჩვენ დავუბრუნდებოდით ჩვენს ქალაქს.
აღარ მესმოდა არავის ხმა, არავის სიხარული, არსაიდან ისმოდა ბავშვების ჟრიამული. დუმდა ჩემი პატარა გული და ველოდებოდი ვინ გაახარებდა იმ სიტყვით, რომელსაც ომი დამთავრდაო ერქვა.
ნათქვამია, იმედი ბოლოს ქრებაო. ღმერთმა ბავშვებს არ ჩაგვიქრო მშვიდობიანი
ცხოვრების, უზრუნველი ბავშვობის, უღრუბლო ზეცის ქონის იმედი.



მარიამ ბუხრაძე

XXI საუკუნეში ვერ წარმომედგინა საქართველოში ომი. თავი სიზმარში მეგონა. მინდოდა, რომ გამომეღვიძა, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს სიზმარი არ იყო. ეს მწარე, საშინელი რეალობა იყო,.ომი მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. ომმა ჩვენი ცხოვრება სრულიად შეცვალა და ბევრ რამეზე დაგვაფიქრა, რაც შეიძლებოდა არასოდეს გვეფიქრა.
ჩვენ დავტოვეთ სახლები, ახლობლები, ნათესავები და დაცვას ვითხოვდით.დაირღვა
ჩვენი, ბავშვების უფლებები, რადგან ჩვენ გვაქვს იმის უფლება ჩვენზე ზრუნავდნენ,
ვიყოთ დაცულები ყოველგვარი ძალადობისაგან.
რუსი ოკუპანტები დღესაც იმყოფებიან ჩვენს ტერიტორიებზე და ავიწროებენ ქართველ მოსახლეობას.
ერთ დღეს, როდესაც მათ ქართულ სოფელს სროლა დაუწყეს, მათ წინ აღიმართა უზარმაზარი სვეტი. ეს იმის ნიშანია, რომ წმინდანები მფარველობენ ჩვენს ქვეყანას.ღვთისმშობელი ჩვენ არ გაგვწირავს.




მაია ლაოშვილი

ომი ხომ საშინელი ტრაგედიაა, სადაც ბევრი ადამიანი იღუპება.
ომი ბევრ ქვეყანაში მოხდა,მათ შორის საქართველოშიც. 2008 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ რუსები, მათ ბევრი ლამაზი ქალაქი და სოფელი გაანადგურეს, მათ სახლები გადაწვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა დაარბიეს. ასევე, მათ დაარღვიეს ბავშვთა უფლებები.
ისინი თვითმფრინავებით დაფრინავდნენ და ბომბებს ყრიდნენ, იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რომ ბომბების აფეთქებას ბევრი ადამიანი ემსხვერპლებოდა.
2008 წლის 6 აგვისტოდან განვითარებულმა მოვლენებმა ბევრს მიაყენა ტკივილი. ყოველივე ეს იყო მწარე რეალობა, რომელსაც ვერავინ გაექცეოდა. თითოეული გასროლა ეკალივით მწარე იყო ყველასთვის.
ყოველი ჩვენგანი ყურადღებით შეჰყურებდა ტელევიზორს, რაიმე ახლის მოლოდინით, თუმცა სანუგეშოდ ვერაფერს ვიგებდით. მთელ ღამეებს ლოცვაში ვატარებდით და ღმერთს მხოლოდ ერთს – მშვიდობას შევთხოვდით.
მე უზომოდ დიდ ტკივილს მაყენებს იმ გარდაცვალებულ ჯარისკაცებზე და მოსახლეობაზე ფიქრი, რომლებიც ამ სასტიკ ომს შეეწირნენ. ეს დრო ჩემი მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება.
ვემუდარები მათ, ვისაც მსოფლიოში მშვიდობის დაცვა ევალება;
ნუ წაგვართმენთ ბავშობას!



მურთაზ ელიაშვილი

2008-წლის 9 აგვისტოს რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა აგრესია საქართველოს მიმართ და საჰაერო ძალებით შემოუტია საქართველოს და დაიწყეს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაბომბვა.შემზარავი და შემაძრწუნებელი იყო ეს ყველაფერი ქართველი ხალხისთვის. 9 აგვისტოს მოგვიწია ქალაქის დატოვება,რაც ძალიან გაგვიჭირდა,რადგან არ ვიცოდით კიდევ დავბრუნდებოდით თუ არა ჩვენს საყვარელ ქალაქში.იქ, სადაც ჩვენი საყვარელი ადგილები გვრჩებოდა.
სხვა გზა არ იყო.ყველანი განერვიულებულები და აფორიაქებულები ვიყავით.რუსების კიდევ ერთხელ შემოსვლა საქართველოში,ქართველებისთვის უმძიმესი ტრამვა იყო.დაინგრა და განადგურდა უამრავი სოფელი,დაიბომბა და მიწასთან გასწორდა სამხედრო ბაზები,საერთო საცხოვრებელი სახლები,სადაც დაიხოცა უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა და ქართველი ჯარისკაცები.
ეს ყველაფერი ჩვენში დიდ და დაუვიწყარ იარად დარჩება.



გიორგი ფილიშვილი

მე ჩემი თვალით ვნახე თუ რა იყო ომი.რომელსაც მოაქვს საშინელება,სიკვდილი და ბავშვთა უფლებების დარღვევა.არ მჯეროდა რომ ომი მოხდებოდა.დავინახე ხალხი, როგორ იხოცებოდა.დამწვარი და დანგრეული სახლებიდან როგორ ითხოვდნენ შველას დაჭრილები და მომაკვდავი ადამიანები. თბილისისკენ მიმავალმა დავინახე,დამწვარი ტანკები.შორს კი მოცანდა ცეცხლწაკიდებული სახლები. ჩემი თვალით ვნახე სოფელში ბებიაჩემის დანგრეული სახლი,საიდანაც ძლივს გადაარჩინეს დაჭრილი ბებია.მესმოდა აფეთქების ხმები.მათ ხმაზე ყველას გულები გვისკდებოდა.თბილისიდან დაბრუნების შემდეგ ისევ შიშით დადიოდა ხალხი ქალაქში.
ომი ხომ საშინელება. გამანადგურებელი და დამანგრეველია.ადამიანებს თავს გადახდენილი ომი გონებაში აქვთ ჩაბეჭდილი და არასოდეს დაავიწყდებათ..




გივი მექერიშვილი


2008 წლის 7 აგვისტო იყო. მე და ჩემი ძმა დასასვენებლად სურამში ვიყავით. ლამაზი და მზიანი ამინდი იყო. ჩიტები ჟრიამულობდნენ, ბავშვები თამაშობდნენ. ყველა კარგ ხასიათზე იყო. მე სახლში ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი. პირდაპირ ეთერში გადმოსცეს, რომ გორი რუსებმა დაბომბეს. აჩვენეს ადგილი, სადაც ბომბი ჩამოვარდა და მივხვდი, რომ ჩემი სახლიდან 1კმ-ში მომხდარიყო აფეთქება. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო, თავზარი დამეცა მშობლებზე ვნერვიულობდი. მინდოდა მეტირა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ტელეფონს ვეცი, მაგრამ ზარი არ გადიოდა. ნერვიულობა უფრო მემატებოდა. ნახევარი საათი ტელეფონი ხელიდან არ გამიშვია. ყველაფერი შეიცვალა, როცა ნაცნობი ხმა გავიგე - ჩვენ მოვედითო. მამის ნათქვამზე ეხლა უკვე ყველანი ვტიროდით. იმ დღეს გავიგე რა იყო ომი და რა საშინელების მოტანა შეეძლო.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ოჯახებს დავუბრუნდით და ოცნებები მთლიანად არ დაგვემსხვრა.


ლინა შავშიშვილი

წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ოსეთსა და საქართველოს შორის. საქართველოს უნდოდა მშვიდობიანი გზით დაებრუნებინა დაკარგული ტერიტორიები, მარამ შედეგი ვერა და ვერ იქნა მიღწეული. ამას ხელს უწყობდა დიდი რუსეთის ზრახვები საქართველოს მიმართ. მას არ უნდოდა, დაეკარგა კავკასიაში ძალაუფლება და იყენებდა ამისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. რუსეთს უნდოდა ეჩვენებინა მთელი მსოფლიოსათვის მისი ძალაუფლება, თუ რისი გაკეთება შეუძლია და რაზეა წამსვლელი.
2008 წლის 7 აგვისტოს გორის და გორის რაიონის მშვიდობიანი მოსახლეობისათვის მოულოდნელად გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა. ღამით იბომბებოდა ცხინვალის მიმდებარე ქართული სოფლები. გზებზე გამოჩნდნენ სამხედრო მანქანები და ჯავშანტექნიკა. ისინი მიდიოდნენ ცხინვალისაკენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო იყო, მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარ სახლებში იყო. პანიკამ მოიცვა მთელი გორი, გორის რაიონი და მთლიანად საქართველო. ცხინვალიდან იბომბებოდა ქართული სოფლები. თითქმის ტანსაცმლის ამარა გამორბოდა ხალხი, რომ ბავშვები გადაერჩინათ. მათ მიატოვეს საცხოვრებელი სახლები უფლის ანაბარად.
8 აგვისტოს გორის ცაზე გამოჩნდა რუსული ბომბდამშენები და დაიწყო ინტენსიური დაბომბვა ქალაქ გორისა და მთლიანად რაიონის. საქართველოს სამხედრო შენაერთები მედგრად უწევდნენ წინააღმდეგობას რუსულ აგრესიას. მაგრამ 9 აგვისტოს რუსული ვერტმფრენების შემოსევამ ზღვარს გადააჭარბა და მოხდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და ამას მოჰყვა მრავალი ადამიანის მსხვერპლი. დაიღუპნენ მცირეწლოვანი ბავშვები, ახალგაზრდები და მოხუცები. ქალაქი თითქმის დაცარიელდა მოსახლეობისგან და სახლებში მხოლოდ მოხუცები დარჩნენ. ეს არ იკმარა რუსულმა აგრესიამ და დასარბევად შემოესია ქართულ სოფლებსა და ქალაქ გორს. დაიწყო ძარცვა და მარადიორობა. გაიძარცვა, როგორც მოსახლეობა ასევე სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლები. დანაღმული იქნა რუისის საშუალო სკოლის სახურავი, სადაც სწავლის დაწყების მომენტში მოქმედებაში მოვიდოდა ეს ნაღმები და რა რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვებოდა ამას გაურკვეველია. დღესაც მიმდინარეობს დანაღმული ტერიტორიების განაღმვა. დანგრეული და მიწასთან გასწორებულია ათეულობით სოფლები, უსახლკაროდ დარჩა ათასეულობით ოჯახი. მთელი მსოფლიო შეძრა რუსეთ-საქართველოს ომმა და დიდი მხარდაჭერა მივიღეთ მთელი მსოფლიოსაგან, მაგრამ ვერანაირი დახმარება ვერ ამოავსებს იმ იარებს, რაც ჩვენმა თაობამ ნახა. არავის ჰქონდა უფლება, შემოჭრილიყო დამოუკიდებელ ქვეყანაში, აეწიოკებინა ხალხი, დაერღვიათ და შეელახათ მათი უფლებები, გამოეყენებინათ აკრძალული იარაღი, რომელიც ხმარებიდან გასული საუკუნის 80-იან წლებში იქნა ამოღებული.
ჩვენ, მოსწავლეები, პროტესტს გამოვთქვამთ რუსული აგრესიის მიმართ და მოვითხოვთ შეწყდეს ტერორი და აგრესია საქართველოს მიმართ. გვინდა ვიცხოვროთ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში.



გიორგი გიგუაშვილი


7 აგვისტო იყო. ყველანი სახლში ვიყავით. მე ტელევიზორს ვუყურებდი ჩემს ოთახში, რაცა თვითმფრინავის საშინელი გრუხუნის ხმა გავიგე. ოთახიდან გამოვვარდი და აივანზე გავედი. უცბად სახლმა ზანზარი დაიწყო. მეგონა დაინგრეოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ფილმებში ნანახი არ მინდოდა ჩემ თავზე წარმომედგინა. ძალიან შემეშინდა. ჩემდაუნებურად ვყვიროდი, ვტიროდი, ვეხვეწებოდი აქედან წამიყვანეთ მეთქი. დედაჩემი მაწყნარებდა, ნუ გეშინია, არაფერი იქნებაო, მაგრამ ვგრძნობდი მასაც ეშინოდა. დედამ ჩემ ტირილს ვეღარ გაუძლო, ჩანთას ხელი დაავლო და ქუჩაში გავიქეცით.
ქუჩაში ზოგი ტიროდა, ზოგი გარბოდა… ყველას სახეზე შიში და ელდა ემჩნეოდა. თბილისამდე ისე ჩავედი, არაფერი გამიგია. თბილისში რომ ჩავედი ცოტა დავწყნარდი და მდგომარეობიდან გამოვედი. ტელევიზორს საერთოდ ვერ ვუყურებდი. მისი ხმის გაგონებაც მზარავდა, რადგანაც კარგს არაფერს გადმოსცემდნენ. მე კი არ მინდოდა ჩემს ქალაქში ჩასვლის იმედი დამეკარგა.




მარიამ ბულკაშვილი



ომი საშინელებაა, უბედურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა. დღეს 21-ე საუკუნეა. არავის ეგონა, რომ ამ დროს ასეთი საშინელი რამ ,,ომი’’ მოხდებოდა.
ომი სისასტიკეა, ამ სისასტიკის მსხვერპლი გახდა მრავალი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის პატარა ბავშვები. ბევრმა დაკარგა სახლი და მშობლები…
ბავშვებს აქვთ უფლებები. ამ წელს დაირღვა ბავშვების ყველა უფლება. ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს აქვთ უფლება იცხოვრონ მშვიდობიან, თავისუფალ ქვეყანაში, და ჰქონდეთ მზრუნველი ოჯახი, მაგრამ ზოგიერთმა მზრუნველი და თბილი ოჯახი დაკარგა. ეს კი მხოლოდ იმ დაუნდობელი ომის ბრალია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა.
ჩვენ ხშირად გვსმენია სიტყვა ომი, თუმცა არ ვიცოდით რას ნიშნავდა სინამდვილეში. ამ სისასტიკემ კი ომის ნამდვილი სახე დაგვანახა. ჩვენ ეს ომი არ უნდა გვენახა, არ უნდა გაგვეგო სინამდვილეში ომი რას ნიშნავს, მაგრამ მაინც ვნახეთ, დავინახეთ ჩვენი თვალით და გავიგეთ საკუთარი ყურით, ამიტომ გთხოვთ დაიცვათ ჩვენი უფლებები! დაგვეხმარეთ ჩვენ და დაეხმარეთ მათ, ვინც ჩვენზე მეტად გაიგო და გამოსცადა ომის უბედურება.
,,ნუ მოწამლავთ მოხუც გრძნობას,
და ნუ მეტყვით რაც არ მჯერა
ნუთუ მართლა დღეს გადაწყდა
საქართველოს ბედისწერა.’’
(ა. წერეთელი)



სოფო გიგაური


რამდენიმე თვის წინ, ჩვენ განვიცადეთ საშინელი ომი, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოსა და რუსეთს შორის, 2008 წლის აგვისტოს თვეში. მაშინ რუსეთმა გამოიჩინა ძალიან დიდი აგრესია საქართველოსადმი.
ჩვენ სიტყვა ომი მანამდეც გაგვეგონა, ომის შესახებაც წაგვიკითხავს წიგნებში, გვინახია ფილმებში, მაგრამ არ წარმოგვედგინა ომი თუ ასეთი საშინელება იყო.
‘’სანამ ომი დაიწყებოდა, წავედი სოფელ ბოშურში. როდესაც ომი დაიწყო, იმ დროს აღარ მინდოდა ტელევიზორის ყურება, რადგან აჩვენებდნენ როგორ ისროდნენ რუსები ბომბებს ქალაქ გორში. მე იმ დროს ერთი ნატვრა მქონდა, რომ დაწყნარებულიყო ეს ქვეყნები და დავბრუნებულიყავი ჩემს სახლში.’’
‘’ომის დროს საქართველოში ირღვეოდა ჩვენი ანუ ბავშვების უფლებები.’’
‘’ჩვენ ყველას ვთხოვთ დაიცვან ჩვენი უფლებები და ჩვენი სიცოცხლე. მე ვფიქრობ, თუ მსოფლიოში ხალხს ერთმანეთი ეყვარებოდა და კეთილმოსურნეები იქნებოდნენ ერთმანეთის მიმართ, ეს ომი აღარ იქნებოდა.’’
‘’უფალო, გთხოვ, დაამყარე ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და ერთმანეთის სიყვარული.’’




თეონა ქერდიყოშვილი


საქართველოში ომი დიდი ხნის მანძილზე არ მომხდარა, მაგრამ 21 საუკუნეში მოხდა განსაცვიფრებელი ამბავი, საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყო. ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ასეთი ამბავი მოხდებოდა.
ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ უეცრად ეს ბედნიერება დიდ უბედურებად გადაიქცა.
ამ ომის დაწყების კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი მოხდა.
ამ ომის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ამიტომაც ყველა სახელმწიფო მეტ-ნაკლებად აქტიურად იყო ჩართული ამ ომის შეჩერებაში.
საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ომის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა. ჩვენ ხომ ვერ განვსაზღვრავთ მომავალს.
ერთადერთი იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ ომი დიდი უბედურებაა და ყველა ადამიანი ცოტათი მაინც უნდა შეეცადოს, რომ ეს დიდი უბედურება და სისასტიკე თავიდან აიცილოს.
ჩვენ ბავშვები ვართ! ამ ომის შედეგად დაირღვა ჩვენი უფლებები! გთხოვთ დაიცვათ იგი!